ომეგა 3
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების ნაკრებია და შედგება 3 კომპონენტისგან: EPA (eicosapentaenoic acid), DHA (docosahexaenoic acid) და ALA (alpha-linolenic acid).
EPA და DHA გვხვდება თევზის ქონში, ზღვის პროდუქტებსა და წყალმცენარეებში (მცირე რაოდენობით). ALA გვხვდება სოიოს მარცვლებში, ნიგოზში, სელის თესლებში, ბაზილიკის ზოგიერთ სახეობაში, კანაფის თესლებში (Cannabis sativa - ამ სახეობას სპეციალურად ინდუსტრიული გამოყენებისთვის ზრდიან). სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, თუმცა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მათი განსხვავებული თანაფარდობა გვჭირდება. მუცლადყოფნის დროს ჩვილის ზრდა-განვითარებისთვის უმჯობესია DHA. ასევე, თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვს ომეგა 3-ს ვასმევთ, ის უმეტესად DHA-ს უნდა შეიცავდეს. 5 წლის ზემოთ მოზარდებში კარგია EPA-ს გაზრდა დიეტაში. კვლევებმა აჩვენა, რომ EPA ხელს უწყობს ხასიათის, ათვისების უნარის, ფოკუსირებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას. ამცირებს აგრესიულობას. EPA-თი მდიდარი პროდუქტი ხელს უწყობს კანის სიმშრალის, ასთმის, ალერგიულობისა და ქრონიკული დაავადებების პრევენციას. EPA-სა და DHA-ს დაბალი დონე მოზარდებში იწვევს მენტალურ პრობლემებს, დეპრესიას, დისლექსიას, გულისა და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებიდან ადამიანის ორგანიზმში განსაკუთრებულ როლს ასრულებს EPA და DHA. მათი ყველაზე დიდი წყარო თევზეულია (განსაკუთრებით ცივი წყლის თევზები). თევზი წყლიდან ვერცხლისწყალს და სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს ითვისებს. ყველაზე დიდი თევზი ტოქსინების ყველაზე დიდი მარაგია, რადგან ის სხვა თევზებს ჭამს. ამიტომ ჯობს საკვებად ის გამოვიყენოთ, რომელიც მცენარეებით იკვებება. ორსულებისთვის არ არის რეკომენდირებული ოკეანის თევზის მირთმევა. კარგია თინუსი, ორაგული, კრევეტები და მდინარის თევზი.
სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ომეგა 3 ჭიქას შლის. ამ ვიდეომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სინამდვილეში ამაში საგანგაშო არაფერია, აგიხსნით რატომ 🤩
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ჭიქა იყო პოლისტიროლის.
პოლისტიროლი სინთეზური პოლიმერული მასალაა. ძირითადად შესაფუთ მასალად, კონტეინერებისა და ერთჯერადი ჭურჭლის წარმოებაში გამოიყენება.
თევზის ქონისა და პოლისტიროლის ურთიერთქმედება პოლარობით არის გამოწვეული. პოლარობა მოლეკულების ელექტრული მუხტის აღწერის გზაა. მაგალითად, წყალში პოლარობა აიხსნება ერთ მხარეს წყალბადების დადებითი და მე-2 მხარეს ჟანგბადის უარყოფითი მუხტით. გამოდის წყლის მოლეკულას დაბოლოებებში სხვადასხვა მუხტი აქვს.
ცხიმი არაპოლარულია, მას არ აქვს დაბოლოებებში განსხვავებული მუხტები. პოლარობის სხვაობას ზოგიერთი ქიმიური ურთიერთქმედება კარგად ხსნის. მარტივად რომ ვთქვათ, მსგავსი ნივთიერებები ერთმანეთს ერევიან. ზეთი (არაპოლარული) გამოეყოფა წყალს (პოლარული), ხოლო მარილი (პოლარული) გაიხსნება წყალში. იგივე პრინციპით აშორებს აცეტონი (არაპოლარული) ფრჩხილს ლაქს (არაპოლარული). პოლისტიროლი კი იშლება თევზის ქონში. ადამიანის ორგანიზმში მსგავსი რეაქცია არ მიმდინარეობს, ამიტომ საშიში არაფერია.
წყარო: https://askthescientists.com
https://www.webmd.com
https://igennus.com



Comments
Post a Comment